საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ოფიციალური მიწვევით სლოვაკეთს ესტუმრა, კერძოდ TESTEK-ის ხელმძღვანელს ბატონ მარიან რიბიანსკის.
დავით მესხიშვილი: "ჩემი სტუმრობა სლოვაკეთში ძალიან ღირებული იყო პროფესიული თვალსაზრისით. ადგილზე დეტალურად გავეცანი TESTEK-ის საქმიანობას — მათ მიერ შექმნილ IT სისტემებს, ტექნიკური ინსპექტირების მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების პრაქტიკას, რაც ხელს უწყობს ინსპექტირების ხარისხის გაუმჯობესებას და ეფექტურ ზედამხედველობას, მათ შორის თაღლითობის პრევენციასაც. გარდა ამისა, მქონდა შეხვედრა SEKA-ს წარმომადგენლებთან — ეს არის სლოვაკეთის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ავტომობილების ემისიების კონტროლსა და ქვეყნის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მათთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ტექნიკური ინსპექტირების სისტემა ეკოლოგიური პოლიტიკის წარმატებისთვის.
ყველა ეს უწყება ახორციელებს მონიტორინგს იმისთვის, რომ ტექნიკური ინსპექტირების პროცესი იყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი. მუდმივი მონიტორინგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისტემის სანდოობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად".