საქართველოში არსებული ეკონომიკური გამოწვევების გათვალისწინებით, 2021 წელი იქნება ურთულესი ბიზნესის შენარჩუნებისა და შემდგომში მისი განვითარებისთვის. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას და ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს მოუწევთ მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევა, რათა მოხდეს ზარალის მინიმალიზაცია, სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება და ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის გადარჩენა.
ვინაიდან ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, ასევე საჯარო და კერძო სექტორების ძალისხმევისა და საქმიანობის ეფექტური კოორდინაცია, მთავრობას ვთავაზობთ ჩამოყალიბდეს „ბიზნესის განვითარების საბჭო“ (Business Development Council), რომელიც განიხილავს კრიზისის პერიოდში ბიზნესის მხარდაჭერისათვის ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხს, რათა მთავრობის მიერ დროულად მიღებულ იქნას შესაბამისი დადგენილებები.
ჩვენს ქვეყანაში დღეისათვის არსებული ეკონომიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული საბჭო უნდა დაფუძნდეს 2 წლის ვადით (2021-2022 წ.წ.). გამოვთქვამთ მზადყოფნას, რათა მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე მივაწოდოთ პრემიერ-მინისტრს და ეკონომიკურ გუნდს „ბიზნეს განვითარების საბჭოს“ რეგლამენტი და ყველა ტექნიკური დეტალი, რომელიც საბჭოს ფუნქციონირებისთვის იქნება საჭირო.
ამ ეტაპზე ვუგზავნით მთავრობას ზემოაღნიშნული საბჭოს შემადგენლობის პროექტს:
- პრემიერ-მინისტრი (საბჭოს თავმჯდომარე) და მის მიერ შერჩეული მთავრობის ეკონომიკური გუნდი;
- ბიზნესომბუდსმენი;
- ლიმიტირებული რაოდენობით ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, რომლებიც მთავრობის გუნდთან იმუშავებენ მნიშვნელოვან საკითხებზე. საბჭოში მონაწილე ბიზნეს ასოციაციების რაოდენობა და შემადგენლობა შეთანხმდება მთავრობის გუნდთან, ხელისმომწერ ასოციაციებთან საკონსულტაციო შეხვედრის დროს.
- საბჭოს შეხვედრებზე განსახილველი საკითხებიდან გამომდინარე, დამატებით მოწვეულნი იქნებიან შესაბამისი მინისტრები და ასევე დარგობრივი ასოციაციები.
გამოვთქვამთ მზაობას, რათა უახლოეს პერიოდში ზემოაღნიშნულ საბჭოსთან დაკავშირებული დეტალები განვიხილოთ პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან.
ხელისმომწერი ასოციაციების ხელმძღვანელები იმედს ვიტოვებთ, რომ ქვეყნისთვის ამ განსაკუთრებულად მძიმე და რთულ პერიოდში საქართველოს მთავრობა მიიღებს ამ შეთავაზებას და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე დათანხმდება ზემოხსენებული საბჭოს შექმნას
პეტიცია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში