საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია
აუდიტის სამსახური - „საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ 2018 წელს შეძენილი 2.5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი კამერები დასაწყობებულია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, „საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ 2018 წელს შეძენილი 2.5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი კამერები დასაწყობებულია.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების შესახებ მომზადებულ აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, „საავტომობილო გზების დეპარტამენტმა“ 800 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადასაცემად შეიძინა, თუმცა გადაცემა დღემდე არ მომხდარა და კამერები შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობშია დასაწყობებული.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ „ძირითადი აქტივების“ მუხლში აღრიცხულია 2,496,000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი 800 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა (თანმდევი მოწყობილობებით), რომლებიც 2018 წელს იქნა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადასაცემად. გადაცემა დღემდე არ განხორციელებულა, თუმცა კამერები დასაწყობებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობში და „საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ არ იყენებს და ვერ აკონტროლებს მათ. შესაბამისად, აღნიშნული ძირითადი საშუალებები ვერ აკმაყოფილებენ აქტივად აღიარების კრიტერიუმებს“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ამასთან, სახელწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული პერიოდისთვის მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შესახებ უარყოფითი დასკვნა აქვს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად“, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

წყარო: IPN


სიახლეების გამოწერა

დარეგისტრირდით ელ.ფოსტით

დაგეგმილი ღონისძიებები
ყველა ღონისძიების ნახვა