ვაკის რაიონში, 20 ნოემბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სიტემა ამოქმედდება. ზონალური პარკირებისთვის აღნიშნულ რაიონში 1 629 ადგილია განსაზღვრული. მსუბუქი ავტომობილების პარკირებისთვის 1 577 ადგილია გამოყოფილი, შშმ პირთათვის 47 ადგილი, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის ხუთი ადგილია განსაზღვრული.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ - ზონალურ-საათობრივი პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან იმ პირებს, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე უძრავი ქონება გააჩნიათ, უფლება აქვთ, მათ მიერ გათვალისწინებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე უფასო პარკირებით ისარგებლონ.
ამასთანავე, ზონალური პარკირებით სარგებლობა უფასოდ, შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე - www.tp.ge, სადაც ID ბარათით რეგისტრაციის შემდეგ, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და საკადასტრო კოდი აღინიშნება.
ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით, მობილური აპლიკაცია - Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით, ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით, ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.
ზონალური პარკირებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ჯიხურები განთავსებული იქნება შემდეგ ლოკაციებზე: თამარაშვილის ქუჩა N11; ყიფშიძის ქუჩა N9; მიშველაძის ქუჩა N2; ბერძენიშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთა N62; აბაშიძის ქუჩა N40; მრგვალი ბაღი; ფალიაშვილის ქუჩა/გეგეშიძის ბაღი; კეკელიძის ქუჩა N14. მუნიციპალურ პავილიონებში მოქალაქეები პარკირების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.
ნებისმიერი პირისთვის 24 საათის განმავლობაში, პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა.