საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია
"პაპი რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს" - საინტერესო ფაქტები

დავით მესხიშვილის სვეტი

„Fiat Campagnola“-ს 1953-დან 1974 წლამდე აწარმოებდა კომპანია “Fiat”. 1974 წლიდან კი (1987 წლის ჩათვლით), კომპანიამ მისი მოდერნიზებული ვერსია შემოგვთავაზა, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა იტალიის შეიარაღებული ძალების მიერ.

თუმცა ეს ავტომობილი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში სულ სხვა ამბავის გამო მოხვდა. რომის პაპი იოანე პავლე II ქალაქ ტურინს სტუმრობდა, კომპანიამ პაპს გადაადგილებისთვის თეთრი ფერის (რძისფერი) Fiat 1107 შესთავაზა. Fiat-მა პაპისთვის ავტომობილი სპეციალური კონფიგურაციით დაამზადა:
•  პაპის ოვალური სავარძელი, რომელიც რკინის კონსტრუქციით არის აწყობილი ეყრდნობა ერთ ფეხს. კომფორტისთვის რკინის კონსტრუქცია შეფუთულია ტყავით მასში მოთავსებული რბილი ქსოვილით
•  იმისთვის რომ პაპს ერთდროულად შესძლებოდა ფეხზე დგომა და ხალხისთვის მისალმება, წონასწორობის დასაჭერად სავარძლის წინ იქვე, ხელის ჩასაჭიდებელი რკინის მილია
•  პაპი სალონში, ავტომობილის უკანა მხრიდან კიბეებით ადიოდა, სადაც სპეციალური „ხელის მოაჯირის“ მსგავსი კონსტრუქციაა მოწყობილი
•  პაპის სავარძლის ორივე მხარეს განივი ვიწრო ზომის დასაჯდომია დაცვის თანამშრომლებისთვის

მიუხედავად კომპანიის მცდელობისა, რომ დიზაინი მაქსიმალურად შეერბილებინათ, მას მაინც სამხედრო ავტომობილებისთვის დამახასიათებელი ნიშნები და კონტურები აქვს. ავტომობილი დარეგისტრირდა ქალაქ ვატიკანში 1980 წლის 12 მაისს და ის „პაპიმობილის“ სახელს ატარებდა 1 წელი და 1 დღე.

1981 წლის 13 მაისს რომის პაპი იოანე პავლე მეორე ტურინს სტუმრობდა. ის წმინდა პეტრეს მოედანზე ავტომობილით მიიყვანეს (Fiat 1107). ხალხს მიუახლოვდა, გოგონა აიყვანა ხელში, შემდეგ მშობლებს დაუბრუნა და მალევე გაისმა გასროლის ხმა „ბრაუნინგის“ ტიპის (9 კალიბრიანი) პისტოლეტით. პაპს ორი ტყვია მუცელში, ხოლო ორი, მარცხენა ხელში და მარჯვენა ფეხში მოხვდა, სულ 4 ტყვია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ამერიკული ტელევიზია ABC-ის კორესპონდენტი პიტერ ჯენინგსი, მისი განცხადებით: „მოულოდნელად ხალხის ჯგუფიდან სროლა გაისმა. თვითმხილველთა მონაყოლით, პაპი შოკირებული იყო - წამით ადგილზე გაშეშდა და შემდეგ მოცელილივით დაეცა თავისი ავტომობილის სკამზე“. მიუხედავად იმისა, რომ პაპი შოკირებული იყო, ახლო კადრებში ჩანს, რომ ის სახეზე სიმშვიდეს ინარჩუნებს და თითქოს იღიმება კიდეც. ტერორისტს სროლა მონაზონმა ხელზე ჩაებღაუჭებით შეაწყვეტინა, მან მიმალვა ვერ შეძლო, ის დააკავეს. პაპი ერთი Fiat-დან მეორეში, სასწრაფო დახმარების ავტომობილში (Fiat-238) გადაიყვანეს. მან გზაში 3 ლიტრი სისხლი დაკარგა, ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

️თავდამსხმელი ულტრამემარცხენე დაჯგუფების ,,რუხი მგლების” 23 წლის წევრი მეჰმეტ ალი აღჯა იყო. საგამოძიებო კომისიის მიერ, დიდ ბრიტანეთში გაქცეული ,,კგბ”-ს არქივის ყოფილი უფროსის, ვ.მიტროხინის ინფორმაციის საფუძველზე გაჩნდა ეჭვი, რომ იოანე პავლე II-ის თავიდან მოშორების ინიციატორები კომუნისტები იყვნენ, თუმცა თავდასხმის მოტივი მაინც ბუნდოვნად რჩებოდა, ვინაიდან ტერორისტს მოტივის შესახებ არასდროს უსაუბრია. თუმცა კომუნისტური სისტემის კვალის გამოჩენა სულაც არ იყო გასაკვირი! სწორედ იოანე პავლე II-ის და ამერიკის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის სახელებს დაუკავშირდება საბჭოეთის კომუნისტური რეჟიმის შლა, ბერლინის კედლის დანგრევა, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების და საქართველოს განთავისუფლებაც.

️თავდასხმიდან 2 წლის შემდეგ 1983 წელს, რომის პაპი საპატიმროში შეხვდა ტერორისტს, რომელმაც მისი მოკვლა სცადა. მართლაც ამაღელვებელია შეხვედრის კადრების ხილვა. აღჯა შეხვედრისთანავე პაპს ხელზე ეამბორა. არავინ იცის ხანგრძლივი საუბრის შინაარსი, პაპს სიცოცხლის ბოლომდე არ გაუმხელია. ერთი კი ფაქტია, იოანე პავლე მეორემ აღჯას ჩადენილი დანაშაული აპატია. შეუნდო ადამიანს რომელმაც სასიკვდილოდ გაიმეტა იგი!
აღჯამ პაპის მკვლელობის მცდელობისთვის იტალიის ციხეში 19 წლისა და 11 თვის განმავლობაში იხდიდა სასჯელს, ხოლო 10 წელი თურქეთის ციხეში გაატარა.

იოანე პავლე მეორე გამორჩეული პაპი იყო. ის ბევრჯერ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, როგორც ყველაზე შემწყნარებელი პაპი ისტორიაში. არც მონანიება იყო მისთვის უცხო. მან პატიება ითხოვა ჯვაროსნული ლაშქრობებისა და ინკვიზიციის დროს ჩადენილი დანაშაულებებისთვის, მოახდინა ნიკოლაუს კოპერნიკისა და გალილეო გალილეის რეაბილიტაცია, აღიარა კათოლიკური ეკლესიის ბრალეულობა ბართლომეს ღამის ხოცვა-ჟლეტაში. გოდების კედელთან პაპმა პატიება ითხოვა ებრაელთა დევნისთვის და ასევე კათოლიკური ეკლესიის უმოქმედობისათვის მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის დროს. ამგვარი მონანიება არ ახსოვს ისტორიას! რომის პაპი იოანე პავლე II საქართველოს 1999 წლის 8 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ეს იყო რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პირველი ვიზიტი საქართველოში,

იოანე პავლე მეორე 2005 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტერორისტი აღჯა 2010 წელს, 29 წლიანი პატიმრობის შემდეგ შეიწყნარეს და ციხიდან გაანთავისუფლეს. პაპის ავტომობილი „Fiat 1107“ („პაპიმობილი“), რომელმაც აქტიურად მხოლოდ 1 წელი და 1 დღე იცხოვრა, დღესაც ცოცხალია და ვატიკანის მუზეუმს ამშვენებს.

ფოტოები გადაღებულია ვატიკანის მუზეუმში. 2019 წელს დავით მესხიშვილის მიერ.


სიახლეების გამოწერა

დარეგისტრირდით ელ.ფოსტით

დაგეგმილი ღონისძიებები
ყველა ღონისძიების ნახვა