ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა დაიწყო 2017 წლიდან, რასაც მოჰყვა ინსპექტირების არაერთი ცენტრის ევროპული რეგულაციების მოთხოვნათა შესაბამისად მოწყობა/აღჭურვა შესაბამისი აპარატურით და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობაზე აკრედიტაცია. მართალია რეფორმის საწყის ეტაპზე იყო გარკვეული სირთულეები, როგორც უშუალოდ აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრებში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის, ასევე მათ მიერ განხორციელებული ინსპექტირების ხარისხის კუთხით, თუმცა, აკრედიტაციის ცენტრის მიზანმიმართულმა საქმიანობამ და შეფასებებმა პტი ცენტრების პერსონალის კომპეტენციასთან და ინსპექტირების ხარისხთან მიმართებით, განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში თავისი დადებითი შედეგი გამოიღო, რაშიც შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩართული იყო როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. სფეროს განვითარებაზე დადებითი გავლენა იქონია პროფესიულ ასოციაციებთან და აკრედიტებული ორგანოების წარმომადგენლებთან უშუალო კომუნიკაციამ და შეხვედრებმა.
აკრედიტაციის ცენტრის დადგენილ უფლებამოსილებას წარმოადგენს სხვადასხვა სფეროში შესაბამისობის შემფასებელი ორგანოებისა და მათი პერსონალის, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება და მათი კომპეტენციის დადგენა სპეციფიკური საქმიანობის განხორციელებაში. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ორგანოებში განხორციელებული პერიოდული შეფასებების ფარგლებში, მხოლოდ ინსპექტირების ცენტრებში (რომელთა რაოდენობაც დღეის მდგომარეობით 42-ს შეადგენს, საქართველოს მასშტაბით - 76 ლოკაციაზე და 3 მოძრავი ხაზი) დასაქმებული ინსპექტორებიდან 2021 წელს კომპეტენცია ვერ დაადასტურა 150-ზე მეტმა ინსპექტორმა, რასაც შესაბამისი რეაგირებები მოჰყვა უშუალოდ დამსაქმებელი ცენტრების მხრიდან (უმრავლესობა გადამზადდა, გამკაცრდა მენეჯმენტისადმი მოთხოვნები და სხვა). 2022 წელს კი, ეს მონაცემი თითქმის ორჯერ შემცირდა, ხოლო მომდევნო წლებში და გასულ წელს მხოლოდ რამდენიმე კომპანიაში გამოვლინდა პერსონალის არაკომპეტენტურობა და ისიც მხოლოდ ახლად დანიშნული პერსონალის შემთხვევაში.
რაც შეეხება 2022 და 2023 წლის ინსპექტირების შედეგებს თუ შევადარებთ - 2022 წლის ასს 1 028 810 ინსპექტირებასთან შედარებით 2023 წელს შედეგები გაზრდილია 60 000 ერთეულითთ და შეადგინა 1 088 606, რაც მოწმობს მიმართვიანობის ზრდაზე. ასევე დადებითი ტენდენციაა გამონაბოლქვზე დახარვეზებისასაც, კერძოდ 2022 წელს დახარვეზების რაოდენობა იყო 103 848, ხოლო 2023 წელს - 100 643. წარმოდგენილი მონაცემები ცხადყოფს, რომ რეფორმის მიმდინარეობას ტემპი არ დაუკლია. პირიქით, უამრავი დადებითი შედეგი გამოიღო, როგორც სოციალური კუთხით (სფეროში 1000-ზე მეტი პირია დასაქმებული), ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დასაქმებული პერსონალის კომპეტენციის ამაღლების კუთხითაც.
რა თქმა უნდა, დადებით ტენდენციებსა და შედეგებს ჯერ კიდევ ახლავს როგორც პტი რეფორმის ფარგლებში, ასევე აკრედიტაციის ცენტრის მიერ სხვადასხვა სფეროებში აკრედიტებული ორგანოების საქმიანობაში თავისი გამოწვევები და სირთულეები, თუმცა დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ აკრედიტაციის ცენტრი მცდელობას არ დააკლებს ამ გამოწვევების დაძლევას და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მასზე დაკისრებული მოვალეობების მიზანმიმართულ შესრულებას.