საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია
2024 წლის გეგმები და სიახლეები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში მიმდინარეობს რეფორმები მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული, საავტომობილო პარკის მოდერნიზების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, სახმელეთო ტრანსპორტის ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის, ასევე საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებში ინტეგრაციისა და პარტნიორი ქვეყნების არეალის გაზრდის მიზნით.

ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის ქაოსური მდგომარეობა ამ ეტაპზე სააგენტოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რასაც ემატება არსებული ავტოსადგურების ინფრასტრუქტურულად გაუმართავი მდგომარეობა. სწორად ამ საკითხის რეგულირების მიზნით საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, დამატებითი როლი და პასუხისმგებლობა შესძინა სააგენტოს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციაში, სააგენტო მიმდინარე წლიდან დაიწყებს ქვეყნის შიდა გადაყვანებში ჩართულ პირთა ნებართვებით უზრუნველყოფას და არსებული ავტოსადგურების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ უახლოეს მომავალში დადგინდება რეგისტრირებული ავტოსადგურებისათვის შესაბამისი კატეგორიების სასერტიფიკაციო პირობები, ეს ხელს შეუწყობს ავტოსადგურების თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად რეკონსტრუქციისა და ახალი საერთაშორისო დონის შესაბამისი მშენებლობის სტიმულირებას; ქვეყნის ავტოსატრანსპორტო სისტემის ევროპულ და მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას; ტურიზმის განვითარებას; ავტოსატრანსპორტო უსაფრთხოების პროცესის და ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებას და სამგზავრო გადაყვანების სფეროში მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი და გამოცდილი კადრების დასაქმებას. კომერციული მიზნით მგზავრთა გადაყვანის დასარეგულირებლად, ავტოსადგურების რეფორმასთან ერთად მუნიციპალურ დონეზე განხორციელდება ტაქსების საქმიანობის ნებართვებით უზრუნველყოფა.

საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით, იგეგმება საერთო სარგებლობის გზებზე მონიტორინგის განხორციელება, რომელიც მოიცავს ავტომობილის მასებისა და გაბარიტების, ტექნიკური გამართულობის, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის, ტვირთის დამაგრების, მძღოლის შრომა - დასვენების რეჟიმების და სხვა საკითხების კონტროლს.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების საქმიანობის ეფექტური მონიტორინგის მიზნით, სააგენტო განახორციელებს მათ კონტროლს, რაც დღეის მდგომარეობით რეგულირების მიღმაა დარჩენილი. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში იგეგმება L კატეგორიის (მოტოციკლი) სატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო კომპონენტების და შემოწმების პერიოდულობის დადგენა.

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების საფუძველზე (07.06.22წ.), საავტომობილო ტრანსპორტის დარგში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმა და კერძო სექტორს მიენიჭა საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული პირების სწავლებისა და პერიოდული გადამზადების უფლება. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, გამოიცა სააგენტოს დირექტორის ბრძანებები, რომლებითაც დამტკიცდა სასწავლო პროგრამები, ბარათების/სერტიფიკატების/მოწმობების ფორმები, მათი გაცემის წესი, კვალიფიკაციის მინიჭების წესი და ა.შ. რეფორმა უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ამ მიმართულებით კომპეტენტური კონტინგენტის ზრდას, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის სფეროს განვითარების დონესთან დაკავშირებით არსებული თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილებას. 

ლევან გამყრელიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეფორმას საავტომობილო ტრანსპორტის დარგში - ავტომობილებისა და ავტონაწილების „ტიპის დამტკიცებას“. „ტიპის დამტკიცების“ პროცედურა გულისხმობს ქმედებას, რომლის საფუძველზეც, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, როგორც ტიპის დამტკიცების უფლებამოსილი ორგანო, შესაბამისი შემოწმებით ადგენს, რომ სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის და ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპი შესაბამისობაშია „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“ გაეროს 1958 წლის შეთანხმებასთან. ზემოხსენებული პროცედურა აძლევს საშუალებას საერთაშორისო და რეგიონულ მწარმოებლებს, საქართველოში განახორციელონ სატრანსპორტო საშუალების, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის და ცალკეული ტექნიკური ერთეულის წარმოება საერთაშორისო სტანდარტით, რაც შემდგომ გააჩენს შესაძლებლობას, ზემოხსენებული შეთანხმების საფუძველზე წარმოებული პროდუქტი განათავსონ ამავე შეთანხმების წევრი ქვეყნების ბაზრებზე.


სიახლეების გამოწერა

დარეგისტრირდით ელ.ფოსტით

დაგეგმილი ღონისძიებები
ყველა ღონისძიების ნახვა