საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ულოცავს დავით მესხიშვილს დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას ტრანსპორტში!
მისი სამეცნიერო ნაშრომი გამოხმაურებაა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემაზე, რაც გარემოს დაბინძურებაში გამოიხატება. სამეცნიერო ნაშრომი მეტად აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილების რაოდენობამ მსოფლიოში 1 მილიარდი შეადგინა, ხოლო საქართველოში 1 300 000-სს გადააჭარბა და მათი რაოდენობა კვლავაც სწრაფად მატულობს, რასაც თან სდევს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და გარემოს დაბინძურების მასშტაბების ზრდა. ნაშრომში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია კვლევებზე მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ამაღლებასთან მიმართებაში.
საქართველოში პირველადაა ჩატარებული ლიტერატურული მონაცემების ანალიზი და სტატისტიკური კვლევა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობასა და ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის ტოქსიკურობაზე მათი გაუმართაობის გავლენის დასადგენად, რაც განაპირობებს ტექნიკური ინსპექტირების ხარისხისადმი და შესაბამისი ცენტრების ფუნქციონირებისადმი წაყენებული ოპტიმალური მოთხოვნების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. დამუშავებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 3 აპრილის 2014/45/EU დირექტივის დანერგვისა და რეფორმის მიმდინარეობის შედეგების კვლევის საფუძველზე ტექ-ინსპექტირების პროცესის სრულყოფის ღონისძიებები. ნაშრომი მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურებისათვის, ვისი კომპეტენციაც არის საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება, აგრეთვე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.
სადოქტორო ნაშრომის დაცვა მოხდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.