Georgian Vehicle Inspection Bodies Association
EN
გზებზე უსაფრთხოების სტანდარტები უარესდება, პერიოდულად ხდება კანონის „გამორთვა“ - დავით მესხიშვილი ტექინსპექტირების შემცირებაზე

ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა იკლებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სახელმწიფოს მიერ კანონის აღსრულების პრობლემაა - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომელიც CITA-ს (ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტი) ევროპის ოფისის ექსპერტია.

დავით მესხიშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან პერიოდულად კანონის ,,გამორთვა“ ხდება. მსგავსი მიდგომა კი საგზაო უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში უპრეცედენტოა.

,,უმთავრესი პრობლემა, რაც მოსდევს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფეროს რეფორმის დაწყების დღიდან დღემდე, ეს არის გზებზე კანონის აღსრულების არასათანადო ხარისხი და არასაკმარისი დონე. 2020 წელს, სატრანსპორტო დარგის 20-მდე ექსპერტის ჩართულობით ჩავატარეთ სიღრმისეული კვლევა, რომელიც მოიცავდა 2 წელს და დადგინდა მთავარი მიზეზიც, რომლითაც ტექინსპექტირების პროცესს საფრთხე ექმნება, ეს კანონის არაღსრულებაა! გზებზე კანონის აღსრულება პრაქტიკულად არ ხდება და ე.წ „ჭკვიანი კამერები“, რომლებიც უნდა აფიქსირებდნენ მაგალითად ვადაგადაცილებას ინსპექტირებაზე ბევრ ქალაქსა და რაიონში ან პროგრამული გაუმართაობის გამო არ ფუნქციონირებს, ან უბრალოდ გამორთულია. კანონის აღსრულება სამწუხაროდ, დამოკიდებულია ვიღაცის ნება-სურვილზე, როცა უნდათ ეს კამერები ჩაირთვება, როცა უნდათ გაითიშება და ა.შ.

საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების მიმართ ასეთ მიდგომას მსოფლიოში არ აქვს ანალოგი, როდესაც უბრალოდ, შეიძლება ადგე და კანონი „გამორთო“. ასეთი მიდგომა უსამართლოა მძღოლების მიმართაც, როდესაც ისინი გაჰყავთ კანონის გარეთ და აჩვევენ კანონგარეშე ცხოვრებას, შემდეგ კი, უცაბედად სთხოვენ კანონის ფარგლებში მოქცევას, რაც შემდგომში იწვევს მძღოლების მასიურ დაჯარიმებას და სერიოზულ ვნებათაღელვას. ამას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე სხვადასხვა ახსნა, საიდანაც ვერაფერი გამოდგება გამამართლებელ საბუთად. ხშირად მიზეზი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. ასეთი რამ ხშირად ხდება. მეორე არის გადაწყვეტილება, რომ მოდი, ამ ეტაპზე არ გვინდა, გამოვიჩინოთ ლოიალურობა. მოქმედი კანონმდებლობით არ არის უზრუნველყოფილი კამერების ფუნქციონირებისა და კანონის აღსრულების უწყვეტობა და ამ ხარვეზით მუდმივად მანიპულირებს ვიღაც, რომელიც პერიოდულად, უბრალოდ, მთელ ქვეყანას „გვითიშავს“ კანონს.

გულწრფელად რომ ვთქვათ, თითქმის ყველა წელი საარჩევნოა და გამოდის, რომ კანონის აღსრულება მუდმივად პრობლემატური უნდა იყოს ამ ქვეყანაში. ეს ე.წ. „ლოიალურობა“, სინამდვილეში კი კანონგარეშე ცხოვრება საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება, რაც ყოველწლიურად 35 000-ზე მეტ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში, 10 000-ზე მეტ დაშავებულ/დასახიჩრებულში და 500 დაღუპულში აისახება. მხოლოდ ბოლო 6 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა საქართველოს გზებზე. შედეგად, საქართველო გზებზე დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. დაღუპულთა და დასახიჩრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჯანღონით სავსე ახალგაზრდა იყო, ვისაც უნდა ეზრუნა საქართველოს განვითარებაზე და აღმშენებლობაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს დაღუპულთა პრაქტიკულად განადგურებული ოჯახის წევრების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. დაღუპულთა უკან ათიათასობით გაუბედურებული ოჯახია. ასეთ უპასუხისმგებლო მიდგომას და ასეთი მტკივნეული თემის პრიორიტეტად არქცევას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. აქ ხომ არ ვსაუბრობთ უმკაცრეს ზომებზე? საუბარია ელემენტარული წესრიგის არსებობაზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონების აღსრულებაზე.

არსებობს გაეროს ეკონომიკური კომისიის დასკვნა, რომ ავტოტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით საქართველოში 150 ადამიანი იღუპება ყოველწლიურად. უმძიმესი მაგალითია ახლო წარსულში, შატილის ტრაგედიის სახით, როცა საფუძვლიანი ეჭვია იმისა, რომ სწორედ ტექნიკური გაუმართაობა იყო კატასტროფის მიზეზი. ამ ეჭვს ამძაფრებს მიკროავტობუსის ტექინსპექტირებაზე გამოუცხადებლობა. დიდი ალბათობით ინსპექტირების შემთხვევაში დაფიქსირდებოდა ის გაუმართაობა თუ ხარვეზი, რომელიც მოგვიანებით გახდა კიდეც ავტოკატასტროფის გამომწვევი და იქნებ ამ გზით მაინც აგვერიდებინა თავიდან ტრაგედია. და ისმის კითხვები, რა შეიცვალა შატილის ტრაგედიიდან დღემდე საგზაო უსაფრთხოების სფეროში? სამწუხაროდ, საგზაო უსაფრთხოების არცერთი პარამეტრი გაუმჯობესებული არ არის!

ტექინსპექტირების რეფორმა მიმდინარეობს ევროდირექტივის საფუძველზე, რომლის მთავარი მიზანიც საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებაა. დადებითი შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ტექინსპექტირების სისტემის გამართვა. ეს ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებით აქვს საქართველოს აღებული. ევროდირექტივის სტანდარტების მხოლოდ 15-20%-ია დღეს რეალობაში დანერგილი. პრაქტიკულად, არცერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული გზებზე კანონის აღსრულებასთან მიმართებაში. კანონის „გამორთვა“ გზაზე ნიშნავს ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდას, კანონდამრღვევ მძღოლთა მომრავლებას, კანონმორჩილთა სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნას, ტრავმატიზმისა და სიკვდილიანობის მატებას, საბოლოოდ კი უმართავ პროცესს გზებზე“, - აცხადებს მესხიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის პირველ 8 თვეში პირველად სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 143 980-ით ნაკლებმა ავტომობილმა გაიარა.

წყარო: www.bpn.ge


Subscribe

Signup with email

Scheduled events
View all