Georgian Vehicle Inspection Bodies Association
EN
1 წლის განმავლობაში სავალდებულო ტექ-ინსპექტირებაზე რეგისტრირებული მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მხოლოდ 15.7%-ი გამოცხადდა

ერთი წლის განმავლობაში ტექნიკურ ინსპექტირებაზე ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული მიკროავტობუსებისა და ავტობუსების საერთო რაოდენობის მხოლოდ 15.7%-ი გამოცხადდა. როგორც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, 2021 წლის მონაცემებით სამგზავრო-საქალაქო ავტოსატრანსპორტო საშუალებად აქტიური სტატუსით სულ რეგისტრირებულია 54 335 ერთეული. მათ შორის: 23 778 ავტობუსი (M3), ხოლო 30 557 - მიკროავტობუსი (M2).

ასოციაციის ინფორმაციით, ინსპექტირებაზე 2020 წლის 1-ლი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ ივნისამდე მიკროავტობუსებისა და ავტობუსების საერთო რაოდენობის მხოლოდ 15.7% (სულ 8 521 ერთეული) გამოცხადდა.

უფრო კონკრეტულად კი რეგისტრირებული 23 778 ავტობუსიდან - ინსპექტირებაზე გამოცხადდა მხოლოდ 1 602 ერთეული (6.8%). ხოლო რეგისტრირებული 30 557 მიკროავტობუსიდან ინსპექტირებაზე გამოცხადდა მხოლოდ 6 921 ერთეული (22.7%).

„აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი გვაჩვენებს, რომ კანონის აღსრულების მექანიზმი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ავტომობილების ტექნიკური გამართულობის შენარჩუნებას გზებზე და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას.

ავტოსადგურები უხეშად არღვევენ მოქმედ კანონმდებლობას, სადაც დიდი ალბათობით საერთოდ აღარ ექცევა ყურადღება ტექნიკური ინსპექტირების შედეგებს. მდგომარეობას ართულებს უნებართვო თვითორგანიზებული ავტოსადგურების არსებობა, საიდანაც გადიან ე.წ. „ხიშნიკი“ მძღოლები. ეს საკითხი საერთოდ გასულია მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებიდან.

დაკვირვება გვაჩვენებს, რომ მიკროავტობუსებისა და ავტობუსების ძირითადი ნაწილი, რომელიც არ ცხადდება ინსპექტირებაზე კუსტარულად გადაკეთებულია. ხელოვნურად არის გაზრდილი სამგზავრო სავარძლების რაოდენობა და უმეტესად ჩაკეტილია ავარიული გასასვლელი, რითაც საფრთხე ექმნება მგზავრების სიცოცხლეს.

არ არსებობს მძღოლზე პასუხისმგებლობის ჯერ დაკისრებისა და შემდეგ შენარჩუნების გამართული სისტემა. შედეგად, სამგზავრო გადაყვანები ძირითადად ხორციელდება მგზავრის ფიზიკური ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ხარჯზე.

საფრთხის შემცველი გარემოებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ იმგზავროთ ტექინსპექტირება გაუვლელი მიკროავტობუსითა თუ ავტობუსით. შექმნილია ვებ-პლატფორმა PTI.GE, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს, მგზავრობის დაწყებამდე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ავტოტრანსპორტის სტატუსი (გავლილი აქვს თუ არა ინსპექტირება) და შეარჩიოს უსაფრთხო ავტომობილი“, აცხადებენ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციაში.

 

 

 

 


Subscribe

Signup with email

Scheduled events
View all